პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართეს სოფელ შუქრუთის მცხოვრებლებმა. სამმა ქალმა პირი ამოიკერა. ადგილობრივები კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ წინააღმდეგ გამოდიან. მათი განცხადებით, კომპანიის საქმიანობის გამო სახლები ენგრევათ, კომპენსაციის გადახდაზე კი უარს აცხადებენ. ამ დროისთვის შუქრუთის მაღაროს შესასვლელთან ორი კარავია გაშლილი. ერთში ხუთი პირამოკერილი მამაკაცი იმყოფება. აქციის მონაწილეების მოთხოვნებს შპს „შუქრუთი +“-ის წარმომადგენელი გამოეხმაურა. დავით სალაძის თქმით, კომპანია მზად არის საკითხი მოაგვაროს დიალოგის რეჟიმში. მისივე თქმით, კომპანიამ სოფელში კომპენსაციის სახით თანხა 15 ოჯახს უკვე გადაუხადა.