დავით კირკიტაძეს ბრალს დღეს წაუყენებენ. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის და კიდევ რამდენიმე პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო პროკურატურამ. საუბარია რუსთავში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მომხდარ ძალადობის ფაქტზე. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 24 ოქტომბერს, რუსთავში, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან, თანმხლებ პირებთან ერთად იმყოფებოდა ვ.ბ. და აპროტესტებდა პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ განხორციელებულ პოლიტიკას და დავით კირკიტაძის მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. რის გამოც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა, მათ შორის დავით კირკიტაძემ მათ მიმართ ფიზიკურად იძალადეს. ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. რუსთავის საქალაქო სასამართლომ, დაპირისპირებაში მონაწილე სამ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო უკვე შეუფარდა, რაც შეეხება პარლამენტის წევრს, პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შუამდგომლობით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.