უბედური შემთხვევა თუ შურისძიება – კერძო რუსული კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებლისა და ხელმძღვანელის თვითმფრინავი ტვერში ჩამოვარდა. საბედისწერო რეისი სანკტ-პეტერბურგიდან მოსკოვის მიმართულებით სრულდებოდა. ბოლო პერიოდამდე ვლადიმირ პუტინის გარემოცვის ერთ-ერთი გამორჩეული წევრის, ევგენი პრიგოჟინის სიკვდილზე პირველი კომენტარი რუსეთის პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ გააკეთა. პუტინმა პრიგოჟინს „რთული ბედის კაცი“ უწოდა და გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა. გავრცელებული ცნობებით ავიაკატასტროფის დროს ბორტზე მყოფი ათივე ადამიანი დაიღუპა.
ორი თვის წინ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ დაწყებული ამბოხის მეთაური, რომელმაც ტანკები კრემლისკენ დაძრა, ბოლოს აფრიკაში იმყოფებოდა. გამოძიება მომხდარის რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს. რუსული მედიის ნაწილი თვითმფრინავის განზრახ ჩამოგდებაზეც საუბრობს. დასავლეთში კი აცხადებენ, რომ პრიგოჟინის სიკვდილი, პუტინის რუსეთში სიურპრიზი სულაც არ არის – ლევან ახალაია დეტალებით.