მთავრობის მეთაური გურიაში რეგიონული ტურნეს ფარგლებში იმყოფება. მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, მის მიერ ინიცირებული პროგრამის, „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს და განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ეცნობა. იმყოფებოდა სოფელ გუთურში, სადაც ახლად აშენებული სკოლა დაათვალიერა.
სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მთავრობის მეთაურს განათლებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრებმა გააცნეს. სკოლა 150 მოსწავლეზეა გათვლილი, ამჟამად კი 92 ბავშვი სწავლობს. შენობა სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მოთხოვნებზე. მშენებლობაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2 345 000 ლარი დაიხარჯა.