პრემიერი მთავრობის განახლებულ შემადგენლობას, სავარაუდოდ, 11 ივლისს დაასახელებს

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მთავრობის განახლებულ შემადგენლობას, სავარაუდოდ, 11 ივლისს დაასახელებს. მმართველი გუნდის წევრების ინფორმაციით, სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით, უმრავლესობასა და მთავრობის ხელმძღვანელს შორის კონსულტაციები ჯერ არ გამართულა, თუმცა შეხვედრის ჩანიშვნა იგეგმება.

დეპუტატები მთავრობის მომავალი წევრების ვინაობაზე ამ ეტაპზე არ საუბრობენ და ამბობენ, რომ მთავრობის დაკომპლექტების უფლებამოსილება პრემიერ-მინისტრს აქვს. მას შემდეგ, რაც მამუკა ბახტაძე მინისტრობის კანდიდატებს დაასახელებს, მთავრობის განახლებული შემადგენლობა საკანონმდებლო ორგანოს წარედგინება.

დეპუტატები ნდობის გამოცხადების პროცესს 13 ივლისს დაიწყებენ და 15 ივლისის რიგგარეშე სხდომაზე მთავრობას ქუთაისში, რიგგარეშე სხდომების ფორმატში მოუსმენენ.