საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მსოფლიო მასშტაბით პორტების ერთ-ერთი უმსხვილესი ოპერატორის „ეს ეს ეი მარინის“ ხელმძღვანელობასთან, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის შემდგომი წინსვლის გზები განიხილა. მამუკა ბახტაძე სიეტლში კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს კნუდ სტაბკჯაერს და აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტს ბობ უოთერსს შეხვდა.
საუბრის ძირითადი თემები იყო საქართველოში განხორციელებული ეკონომიკური რეფორმები, ასევე მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები. ყურადღება გამახვილდა ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე, რომელიც პრემიერ-მინისტრმა სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტად შეაფასა. მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ პორტი იმ ხედვის ნაწილია, რომელიც ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მიმართულებით, საქართველოს რეგიონულ ჰაბად გადაქცევას ისახავს მიზნად. თავის მხრივ, კომპანიის ხელმძღვანელებმა ანაკლიის პორტის პროექტის განვითარების პროცესის გაძლიერების გზებზე ისაუბრეს.