პოლიციელებზე თავდასხმის საქმე - პოლიტიკური შეფასებები

მარტის მოვლენების დროს დაკავებული ახალგაზრდის საქმე სამართლებრივ სფეროს სცდება და პოლიტიკური დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემა ხდება.

საუბარია 21 წლის ლაზარე გრიგორიადისის დაკავებაზე, რომელსაც გამოძიება პოლიციელების მისამართით ქვების და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლაში ადანაშაულებს. ოპოზიციის ნაწილი დაკავებულის გათავისუფლებას ითხოვს, მეორე ნაწილი კი გრიგორიადისის დანაშაულის დასადასტურებლად მეტ მტკიცებულებებს ელის. ის, რაც ცალკეული ოპოზიციური პარტიებისგან ახალგაზრდების დასჯის და შურისძიების აქტად იკითხება, წითელი ხაზია ხელისუფლებისთვის, რომელიც პოლიციელებზე თავდამსხმელთა მიმართ უკომპრომისო ნაბიჯებს აანონსებს. პოლიტიკოსებს შორის სადავოა „ხალხის ძალის“ მიერ უცხოელ აგენტებზე მომზადებული კანონპროექტების წინააღმდეგ გამართული სამდღიანი დემონსტრაციების შინაარსი და მიზნებიც. იმ აქციების მიღმა, სადაც სადავო ინიციატივებს ოპოზიციასთან ერთად სამოქალაქო სექტორი და მოქალაქეებიც აპროტესტებდნენ, მმართველი გუნდი რადიკალური ოპოზიციის ავტორობით მომზადებული დესტაბილიზაციის გეგმას ხედავს.