ხვალიდან, პირველი თებერვლიდან, ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიებისა და სავაჭრო ცენტრების მუშაობა. აჭარაში კვების ობიექტები სტუმრების მიღებას ღია სივრცეში შეძლებენ. სხვა რეგიონებში კი, რესტორნები ისევ ე.წ. გატანის სერვისზე იმუშავებენ.
თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში გაიხსნება მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები, გარდა შაბათ-კვირისა. ტრანსპორტი კვლავ არ იმუშავებს, დაკეტილია სკოლებიც. შემდგომი ეტაპია 15 თებერვალი, როდესაც ყველა ქალაქში ღია და დახურული ბაზრობები გაიხსნება. საბავშვო ბაღების მუშაობის აღდგენა, ასევე პროფესიულ და უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში სტუდენტების აუდიტორებში დაბრუნება დაგეგმილია პირველი მარტიდან. პირველ მარტამდე ქვეყნის მასშტაბით ძალაში რჩება გადაადგილებაზე არსებული შეზღუდვა 21:00 საათიდან 05:00 საათამდე. ძალაში რჩება ყველა სხვა შეზღუდვა, მათ შორის სათხილამურო კურორტებზე. ამ ეტაპზე შეზღუდული იქნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობაც. ასევე, ყველა ტიპის სავაჭრო ობიექტი 30-ზე მეტი თანამშრომლით, მათ შორის ბაზრობები ვალდებული იქნებიან უზრუნველყონ ორ კვირაში ერთხელ თანამშრომელთა არანაკლებ 20%-ის ტესტირება.
კვების ობიექტებისთვის სავალდებულო იქნება ორ კვირაში ერთხელ თანამშრომლების 50%-ის ტესტირება. ორ კვირაში ერთხელ განხორციელდება მასწავლებელთა სისტემური ტესტირებაც.