კოვიდ-19-ის პანდემიის გამო შექმნილი უპრეცენდენტო სატელევიზიო პროექტი, კრიზისული პერიოდის შემდეგაც გაგრძელდება. საქართველოს მეორე არხი, დღეიდან, ოფიციალურად გახდა ახალი არხი „პირველი არხი-განათლება“. საზოგადოებრივი მაუწყებლის დებულებაში შესაბამისი ცვლილებები უკვე შევიდა. ჩვენი ტელევიზიისა და განათლების სამინისტროს ერთობლივი პროექტი –ტელესკოლა, რომელსაც ახალი არხი დაეფუძნება, კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდება და ახალ მიმართულებებს მოიცავს.
ახალ სატელევიზიო ბადეზე მუშაობა დაწყებულია. ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნების ტელეგაკვეთილების გარდა, საერთაშორისო აღიარების მქონე პროექტი, მაყურებლებს შემეცნებით-საგანმანათლებლო გადაცემებს, ფილმებსა და გასართობ კონტენტსაც შესთავაზებს. კორონავირუსის გამო, სახლებში დარჩენილი მოსწავლეებისთვის თვენახევრის წინ დაწყებული პროექტი, ახლა უკვე განათლების და კულტურის არხად ყალიბდება. ეს ნიშნავს, რომ ზაფხულში და ახალი სასწავლო სეზონიდან ,,პირველი არხი – განათლება” მაყურებელს არაერთ საინტერესო პროექტს შესთავაზებს.