ცნობილი ქართველი პიანისტი ლექსო თორაძე 69 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის აღიარებულია თანამედროვეობის ერთ-ერთ ვირტუოზ შემსრულებლად. 1969 წელს პიანისტი მუსიკოს-შემსრულებელთა ამიერკავკასიისა და საკავშირო კონკურსების ლაურეატი გახდა. 1975 წელს იტალიაში კასაგრანდეს სახელობის საერთაშორისო კონკურსში მიიღო სამი პრემია, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვან კლაიბერნის სახელობის საერთაშორისო კონკურსზე – ორი პრემია. ლექსო თორაძის საშემსრულებლო რეპერტუარი მოიცავს სხვადასხვა სტილის ნაწარმოებებს. მუსიკოსმა აღიარება მოიპოვა მოცარტის, ლისტის, პროკოფიევის, რახმანინოვის, ჩაიკოვსკის და სხვა კომპოზიტორთა ნაწარმოებების შესრულებით. პიანისტის დისკოგრაფია საკმაოდ ვრცელია. მათ შორის, აღსანიშნავია, რომ მან დისკზე ჩაწერა შოსტაკოვიჩის ყველა საფორტეპიანო კონცერტი. გამორჩეულია ლექსო თორაძის პედაგოგიური ღვაწლიც.
სამძიმრის განცხადებას ავრცელებს საქართველოს მთავრობა. „თანაგრძნობას ვუცხადებ ლექსო თორაძის ოჯახს, ახლობლებსა და მთელს მუსიკალურ საზოგადოებას“- ვკითხულობთ წერილში.