ღუდუშაურის კლინიკაში გარდაცვლილი 34 წლის მსჯავრდებულის, გიორგი ფასეიშვილის ახლობლები აცხადებენ, რომ სახელმწიფო უწყებებთან პრეტენზია არა აქვთ. მათი თქმით, ციხის ადმინისტრაცია ზრუნავდა პატიმარზე, თუმცა მკურნალობაზე და საკვების მიღებაზე მსჯავრდებული თავად აცხადებდა უარს. როგორც ოჯახის ახლობლები ამბობენ, პატიმარს ბოლო დროს, ფსიქიკური სახის პრობლემები აღენიშნებოდა.
სპეციალური პენიტენციური სამსახური ბრალდებულ გიორგი ფასეიშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსების დღიდან, ბრალდებული დაწესებულების მედპერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა და სათანადო სამედიცინო მომსახურებით იყო უზრუნველყოფილი, თუმცა სპეციალური პენიტენციური სამსახურის არაერთი მცდელობის მიუხედავად, ის უარს აცხადებდა დახმარებაზე, არ იღებდა მედიკამენტებს და მედპერსონალს არ აძლევდა საშუალებას, მისთვის ჩაეტარებინათ სათანადო გამოკვლევები. მსჯავრდებული საავადმყოფოში გუშინ გარდაიცვალა. ექსპერტიზის შემდეგ მას ოზურგეთში გადაასვენებენ.