ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი დღეს გასაჯაროებული საქმის დამკვეთების და შემსრულებლების დასჯას ითხოვს. კუდ-ის ოთხ ყოფილ მაღალჩინოსანს ბიზნესმენის მკვლელობის მომზადებაში ადანაშაულებენ.
მთავარი პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული და 2007 წლის თებერვლით დათარიღებული ორი ფარული ჩანაწერი კუდ-ში მიმდინარე თათბირს და გია დგებუაძესა და ბიზნესმენის დაცვის წევრს შორის დიალოგს ასახავს.
ორივე ფარული მასალის შინაარსი მძიმედ მოსასმენია. ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ პატარკაციშვილის ლიკვიდაციის მზადების დავალება იმდროინდელი პრეზიდენტის დონეზე გაიცა.
აუდიომასალებში კუდ-ის მაშინდელი მაღალჩინოსნები მკვლელობის სხვადასხვა ვერსიას განიხილავენ, ახსენებენ მომწამლავ ნივთიერებას, ასევე მზარეულების და დაცვის წევრების სიას და მათი გადმობირების აუცილებლობაზე საუბრობენ.
პროკურატურის დღევანდელ განცხადებას არაერთგვაროვანი რეაქციები მოჰყვა. გაჩნდა კითხვა, რატომ გამოცხადდა გახსნილად დღეს საქმე, რომელზეც ძიება ორი წლის წინ დაიწყო.