ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმე

ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა. მხარეებმა დღეს შესავალი სიტყვები წარმოთქვეს. ბრალდების მხარის განცხადებით, წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება პატარკაციშვილის ლიკვიდაციის გეგმის შემუშავება. დაცვის მხარე კი ამბობს, რომ საქმეში ბრალდებულების წინააღმდეგ არცერთი მტკიცებულება არ არსებობს.

2018 წლის 17 ოქტომბერს, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმესთან დაკავშირებით, ფარული ჩანაწერები გაავრცელა, რომლის მიხედვით, კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნები ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობას გეგმავენ, მათ შორის, ცდილობდნენ, ბიზნესმენის დაცვის წევრის გადაბირებას.

საქმეზე ლევან ქარდავას, რევაზ შიუკაშვილსა და გიორგი მერებაშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მომზადებას ედავებიან.