„ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც პარტიების დაფინანსების წესის ცვლილებას ეხება, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა. კომიტეტის სხდომას ოპოზიციის დიდი ნაწილი არ ესწრებოდა და განხილვის დროს არც კითხვა დასმულა. ცვლილებების მიხედვით, იურიდიულ პირებს პოლიტიკური პარიების დაფინანსება ეკრძალებათ. ამასთან, პარტიის მიერ წლის განმავლობაში დასახარჯი თანხის მოცულობა მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით 0, 01%-ით მცირდება. ოპოზიცია დაგეგმილ ცვლილებებს ფარსს უწოდებს და „ქართულ ოცნებას“ აკრიტიკებს. როგორც მმართველი გუნდის ოპონენტები აცხადებენ, დღეს მთავარი გამოწვევა არა იურიდიული პირების მიერ პარტიების დაფინანსება, არამედ ე.წ. შავი ფულია, რომელსაც „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნოდ ხარჯავს. ოპონენტების ბრალდებებს მმართველი გუნდი უსაფუძვლოს უწოდებს და აცხადებს, რომ დაგეგმილი ცვლილებების მიზანი, პარტიების დაფინანსების გამჭვირვალობა და ევროკავშირის რეკომენდაციებიდან იმ პუნქტის შესრულებაა, რომელიც დეოლიგარქიზაციას უკავშირდება. ამასთან, „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ საკანონმდებლო პაკეტი ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე მომზადდა და ოპოზიცია კვლავ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს აზიანებს.