პარტიათა დაფინანსების საკითხი

პოლიტიკურ პარტიებს, რომლებმაც 2020 წლის არჩევნების საფუძველზე მოპოვებული საბიუჯეტო დაფინანსება დაკარგეს, დაფინანსების მიღების უფლება 2021 წლის პირველი აგვისტოდან აღუდგებათ. ამასთან, ასეთ პარტიებს ყველა ის თანხა მიეცემათ, რომელსაც ისინი ბიუჯეტიდან მიიღებდნენ, დაფინანსების მიღების უფლება რომ არ დაეკარგათ. ეს პარტიებია „გირჩი“ და „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“. როგორც ცნობილია, პარლამენტმა ივნისის ბოლოს მიიღო კანონი, რომლის თანახმად, პოლიტიკურ პარტიას, რომელმაც პარლამენტის 2020 წლის არჩევნების საფუძველზე მოპოვებული სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღების უფლება დაკარგა, ეს უფლება 2022 წლის პირველი თებერვლიდან აღუდგებოდა. პარლამენტის გადაწყვეტილებით, აღნიშნული ვადა შეიცვალა. „გირჩის“ მიერ მოპოვებული ყოველწლიური საბიუჯეტო დაფინანსება 777 990 ლარია, ხოლო „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეების“ მიერ მოპოვებული ყოველწლიური საბიუჯეტო დაფინანსება 497 406 ლარს შეადგენს.