საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრები გორში მდებარე თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის პირველ ქვეით ბრიგადას ესტუმრნენ. საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა უმასპინძლეს. დეპუტატები პირველი ქვეითი ბრიგადის მე-11 და მე-14 ბატალიონების ტერიტორიაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებსა და სამხედრო მოსამსახურეების საცხოვრებელ პირობებს გაეცნენ. მოინახულეს განახლებული ყაზარმები, საკლასო ოთახები, ლაზარეთი და სპორტული დარბაზი, რომელიც თანამედროვე სპორტული ინვენტარით არის აღჭურვილი. მოგვიანებით, სტუმრებმა სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად ისადილეს.