ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ბესიკ ქათამაძე, დავით მჟავანაძე და თორნიკე გოგუაძე შიმშილობას აგრძელებენ. „ჩვენ არ ვაპირებთ აქციის შეწყვეტას, ვიდრე არ დაისჯება ქათამაძის ცემაში მონაწილე ყველა პირი. უფრო მეტიც, ხვალიდან კოლეგები სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდანაც შემოგვიერთდებიან”, – აცხადებს ოზურგეთის „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით მჟავანაძე. „ქართული ოცნება“ დეპუტატებს სიმშვიდისაკენ მოუწოდებს.
„მთავარია საპროტესტო აქციამ მუშაობის პროცესს ხელი არ შეუშალოს. ეს დემოკრატიული პროცესია და შეუძლიათ კანონის ფარგლებში იმოქმედონ“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ღურჯუმელიძემ.
აქციის მონაწილეები შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებენ და პროტესტის უკიდურესი ზომებით იმუქრებიან.
ოზურგეთის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა შიმშილობა გუშინ დაიწყეს. ისინი ბესიკ ქათამაძის ცემის ფაქტს აპროტესტებდნენ და ინციდენტში მონაწილე ყველა პირის დასჯას ითხოვენ.
ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, ბესიკ ქათამაძის ცემის ფაქტზე საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრ ტარიელ აროშიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ოზურგეთის საკრებულოში ინციდენტი 15 ივნისს მოხდა.
პარტიამ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ გუშინ ოზურგეთის საკრებულოში მომხდარ ინციდენტს „ნაციონალური მოძრობის“ პროვოკაციული და დესტრუქციული ქმედებების ნაწილად შეაფასა. ამის შესახებ პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.