მორიგი პოლიტიკური უთანხმოების მიზეზი ხდება ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია. საპარლამენტო ოპოზიციის აზრით, პარლამენტის მიერ შარშან მიღებულ რეზოლუციას მთავრობა საერთაშორისო არენაზე ეფექტურად ვერ იყენებს და დოკუმენტით გათვალისწინებული მოთხოვნები პრაქტიკულად არ სრულდება. ამიტომ ოპონენტები ახალი დადგენილების მიღებას ითხოვენ, რომელიც ხელისუფლებას სიის გაფართოებას და მასში შეყვანილ პირთა დასასჯელად უფრო მკაცრი ზომების მიღებას დაავალდებულებს. არ არის გამორიცხული, რომ „ევროპული საქართველოს“ ინიციატივის გარშემო კონსულტაციები დაიწყოს, რისთვისაც პარლამენტის თავმჯდომარემ მზადყოფნა უკვე გამოთქვა. პარალელურად ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე ახალი სტრატეგიის წარდგენას აანონსებს საგარეო უწყება, მანამდე კი სამინისტრო ოპოზიციას იმ საერთაშორისო რეზოლუციებს ახსენებს, სადაც სწორედ სიაში მოხვედრილ პირთა სანქცირებაზეა საუბარი.