არსებული დანაკარგების გამო, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები ახალ დანაყოფებს აყალიბებენ. კერძოდ, ოკუპანტების სარდლობა, მე-40 ცალკეული საზღვაო ბრიგადიდან 1500-მდე ადამიანის ჩართვას გეგმავს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბში აცხადებენ. არსებული ცნობებით, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მოთხოვნების დარღვევით, ოკუპანტები განაგრძობენ დანაყოფებისა და აღჭურვილობის განლაგებას მაღალი რისკის ობიექტებზე, ასევე მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვას. უკრაინის შეიარაღებული ძალების უნიფორმაში გადაცმულები, ადგილობრივი მაცხოვრებლების პირადი ნივთებს, უკანონოდ ჩხრეკენ. ამავდროულად, რუსული ჯარების მორალური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა კვლავ უარესდება. იზრდება დეზერტირობისა და ბრძანებების შესრულებაზე უარის თქმის შემთხვევები. ბელარუსის ტერიტორიაზე მდებარე სამედიცინო დაწესებულებებში, უკრაინასთან ომში დაშავებული უამრავი რუსი მკურნალობს. ბოლო დღეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სხვადასხვა ტიპის 6 ერთეული რუსული საფრენი აპარატი გაანადგურეს. არსებული ცნობებით, რუსულმა ჯარებმა კრივოი როგზე წარუმატებელი შეტევა განახორციელეს და მნიშვნელოვან დანაკარგებს განიცდიან. გარდა ამისა, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში ბელარუსის არმიის უშუალო ჩართვის ალბათობა დიდია. უკრაინის სამხედრო დაზვერვის ცნობებით, 11 მარტს, რუსულმა საოკუპაციო ძალებმა კიევის რეგიონში მიმდინარე ევაკუაციისას ქალებისა და ბავშვების კოლონა დაცხრილეს, რის გამოც, შვიდი ადამიანი დაიღუპა.