სენატის გადაწყვეტილება - უცხო ქვეყნების მხარდამჭერი პაკეტი

79 მომხრე, 18 წინააღმდეგი – შეთანხმება მიღწეულია. მრავალთვიანი ლოდინის შემდეგ აშშ-ის სენატმა უცხო ქვეყნების მხარდაჭერის პაკეტი დაამტკიცა, რომელიც უკრაინისთვის, ისრაელისა და ტაივანისთვის დამატებითი ფინანსური დახმარების გადაცემას გულისხმობს. მარტო უკრაინა ამ პაკეტით 61 მილიარდი დოლარის დახმარებას მიიღებს. ჯო ბაიდენმა კანონს ხელი უკვე მოაწერა და აშშ-ის სამხედრო დახმარების უკრაინაში გაგზავნა უახლოეს საათებში დააანონსა. ყველაზე მეტად ამ მხარდაჭერას სწორედ კიევში ელოდებოდნენ, სადაც რუსეთის მხრიდან ახალი შეტევის მოლოდინში უკრაინელი სამხედროები ტყვია-წამლისა და საარტილერიო ჭურვების მწვავე დანაკლისს განიცდიან. კიევში ვარაუდობენ, რომ აშშ-ის მხარდაჭერის ახალი პაკეტის ფარგლებში შეიარაღების პირველი პარტია უკრაინაში ამ კვირაში ჩავა.