ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტის განცხადება - გამოხმაურებები თბილისში
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტი ჩორჩანაში საპოლიციო პოსტის აღებას ითხოვს. ის აცხადებს, რომ წინააღმდეგ შემთხვევში, ახალგორის მოსახლეობა საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ვერ გადავა.
ამის შესახებ ბიბილოვმა ახალგორში, ადგილობრივებთან შეხვედრის დროს ისაუბრა. დე ფაქტო ლიდერის მოსაზრებით, პრობლემის მოსაგვარებლად ადგილობრივებმა საქართველოს ხელისუფლებას უნდა მიმართონ.
როგორც ანატოლი ბიბილოვმა ადგილობრივებთან შეხვედრის დროს აღნიშნა, ამ ზომებს მათ უსაფრთხოების მიზნით მიმართეს. ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. პრეზიდენტის განცხადებას მოსახლეობის ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა და მათ კულტურის სახლში მიმდინარე შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვეს.
კულტურის სახლში გამართულ შეხვედრაზე, რამდენიმე მოსახლემ თქვა, რომ მათი ნათესავები თბილისში ცხოვრობენ და თუ მათ სანახავად ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ მოქალაქეობაზე უარის თქმაა საჭირო, მაშინ მზად არიან, პასპორტები ჩააბარონ. ამასთან დაკავშირებით კი, ბიბილოვმა განაცხადა, რომ ეს მათი გადაწყვეტილებაა.
ანატოლი ბიბილოვის განცხადებას გამოხმაურება მოყვა თბილისში. პოლიტიკოსების განცხადებით, საოკუპაციო რეჟიმისგან მსგავსი პროვოკაციები ახალი არ არის. საქართველოს ხელისუფლება კი მშვიდობიან და დაბალანსებულ პოლიტიკას აწარმოებს.