ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულები დუმილის უფლებით სარგებლობენ.
ალეკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფებიან და ჩვენების მიცემაზე უარს ამბობენ. თუმცა ვერაზე, 15 სექტემბერს მომხდარი შემზარავი დანაშაულის საქმის მასალები ორივე მათგანმა მოითხოვა. დღეს ცნობილი ხდება მათი 22-დღიანი ძებნის და დაკავების ახალი გარემოებები. როგორც ირკვევა, ანჯაფარიძის ქუჩაზე კვარაცხელიას მოკვლის შემდეგ ბრალდებულები კავილაძის კუთვნილ მაღაზიაში წავიდნენ და ტანსაცმელი გამოიცვალეს. გავრცელებული ცნობით, 22 დღის განმავლობაში ბრალდებულებმა კვალის არევის მიზნით სამალავი რამდენჯერმე გამოიცვალეს, ბოლოს ისინი წყნეთში, წერეთლის ქუჩაზე მდებარე მიტოვებულ საცხოვრებელ სახლს აფარებდნენ თავს. სახლის ჩხრეკისას მათ პირად ნივთებში ცივი იარაღი იპოვეს.