თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას, ზვიად კუპრავასა და ბაჩო დოლიძის საქმეზე გადაწყვეტილება გამოცხადდა. მოსამართლემ სამივე მათგანი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო. ისინი 2000-2000 ლარით დაჯარიმდნენ. დაცვის მხარე საქალაქო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.
შეგახსენებთ, თბილისის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ირაკლი ეძგვერაძემ, 22 სექტემბერს განაცხადა, რომ მას გლდანში, საკუთარ სახლთან თავს დაესხნენ. მოგვიანებით კი ადგილზე ვითარება დაიძაბა. გლდანში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებისას პოლიციამ ნიკა მელია, ზვიად კუპრავა და ბაჩო დოლიძე დააკავა. ისინი ადმინისტრაციული წესით იყვნენ დაკავებული. 24 სექტემბერს მელია, დოლიძე და კუპრავა სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.