რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკის მძიმე შედეგებს საკუთარი თვალით კიდევ ერთი მაღალი რანგის პოლიტიკოსი ნახავს.
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ხვალინდელ სამუშაო დღეს საოკუპაციო ხაზიდან დაიწყებს. მედლინ მუნი ხურვალეთში ჩავა. მანამდე კი ქვეყანამ საერთაშორისო პარტნიორისგან მკაფიო მხარდამჭერი გზავნილები მიიღო. „არ იფიქროთ, რომ ვინმეს დაავიწყდით, საქართველო მუდმივად არის ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დღის წესრიგში“,- ეს იყო თბილისში მყოფი ბრიტანელი პოლიტიკოსის გზავნილი.
დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრმა დღეს საპარლამენტო უმრავლესობას და ოპოზიციას ცალ-ცალკე მოუსმინა. შიდა პოლიტიკური პროცესების განხილვის გარდა ხელისუფლების ოპონენტები შეხვედრაზე კონკრეტული ინიციატივით შევიდნენ და რუსეთის მიმართ სანქციების გაფართოების დროს საქართველოს საკითხის გათვალისწინება ითხოვეს.