ნაკრების ფეხბურთელებისთვის ღირსების ორდენის გადაცემის საკითხი

ქართული ფეხბურთის წარმატებაზე ისაუბრა დღეს თბილისის მერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე. კახა კალაძის განცხადებით, პრემიერთან ერთად გერმანიაში იმყოფებოდა, სადაც ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს შეხვდნენ და მათ მხარდაჭერა გამოუცხადეს. მისივე თქმით, ევროპის ჩემპიონატზე გასვლა დიდი შრომის შედეგია, რომელსაც ნაკრების თითოეულმა წევრმა სახელმწიფოს ხელშეწყობით მიაღწია. თბილისის მერმა განცხადება გააკეთა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებისთვის ღირსების ორდენის გადაცემის საკითხზეც. ამავე თემაზე კომენტარი გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემაც.

საკითხს განცხადებით ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია და თბილისის მერისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებებს დეზინფორმაციად აფასებს: „დღეს გავრცელდა დეზინფორმაცია, თითქოს პრეზიდენტი უარს აცხადებს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრებისა და ფეხბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლების დაჯილდოებაზე. არსებული პრაქტიკის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი ჯილდოების გადაცემამდე რამდენიმე დღით ადრე გამოსცემს დაჯილდოების აქტს. ასე მოხდა ამჯერადაც, 2024 წლის 23 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულებები , რითაც ღირსების ორდენით და მედლით დაჯილდოვდნენ წარდგენილი პირები. მაისის ბოლოს ორბელიანების სასახლეში იგეგმებოდა დაჯილდოების ოფიციალური ცერემონიის გამართვა, რაც ეროვნული ნაკრების წევრების საქართველოში არყოფნის გამო ვერ მოხერხდა. ეროვნული ნაკრების მორიგი შეკრება საქართველოში სექტემბრის დასაწყისში შედგება. სწორედ ამ დროისათვის, საქართველოს პრეზიდენტი ორბელიანების სასახლეში ჯილდოებს გადასცემს ნაკრების წევრებს და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებს“, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.