ნიუ იორკში, წიგნების ცნობილ მაღაზია „სტრენდში“ დავით მაღრაძის კრებულის, „ნაფეხურები წყალზე“ – ინგლისური თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიებას შეერთებულ შტატებში მყოფი საქართველოს პრემიერ მინისტრი, საქართველოს ელჩი და მწერლობით დაინტერესებული საზოგადოება დაესწრნენ. კრებულში ავტორის მიერ სხვადასხვა დროს დაწერილი ლექსები და ორი პოემა „ჯაკომო პონტი“და „შენთვის“ მოხვდა. პრეზენტაციაზე მაღრაძის ლექსები ქართულად თავად ავტორმა, ინგლისურად კი ცნობილმა ჟურნალისტმა, ტომ ტაილეტიმ წაიკითხეს. დავით მაღრაძემ განაცხადა, რომ მისი განზრახვა კულტურული საქართველოსკენ სამყაროს შემობრუნებაა. „ნაფეხურები წყალზე“ წინანდლის ფონდს და გამომცემლობა „რეარ ბერდს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების შედეგია. თანამშრომლობით, რომელსაც მხარს უჭერს საქართველოს საელჩო და გენერალური საკონსულო, ასევე დაგეგმილია ამერიკელი მკითხველისთვის სხვა ქართველი ავტორების გაცნობაც.