მზვერავი უპილოტო საფრენი აპარატის კატასტროფა შავ ზღვაში

აშშ-ის ევროპულმა სარდლობამ შავი ზღვის საჰაერო სივრცეში ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატისა და რუსული ავიაგამანადგურებლების კონტაქტის ამსახველი ვიდეომასალა გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, თუ როგორ ცდილობენ რუსული სამხედრო თვითმფრინავები ამერიკული აპარატის ჩამოგდებას. ვიდეომასალა ასახავს კრიტიკულ მომენტებს, რომელიც პენტაგონის ინფორმაციით, 30-40 წუთი გაგრძელდა. კადრებში ჩანს, თუ როგორ ასხამენ საწვავს რუსული ავიაგამანადგურებლები ამერიკულ უპილოტო თვითმფრინავს. აშშ-ის ევროპული სარდლობის ინფორმაციით, ამის შემდეგ უპილოტო აპარატიდან მიღებული ვიდეო იშლება, როდესაც რუსული გამანადგურებელი აპარატს ეჯახება და მის პროპელერს აზიანებს. რუსულ თვითმფრინავზე თავდასხმა ნეიტრალურ სივრცეში ომის გამოცხადება იქნება – ამის შესახებ აშშ-ში რუსეთის ელჩმა, ანატოლი ანტონოვმა განაცხადა. რუსი დიპლომატი ამგვარად გამოეხმაურა აშშ-ის სენატორის, ლინდსი გრემის განცხადებას, სადაც გრემი ამბობს, რომ აშშ-მა უნდა ჩამოაგდოს რუსული თვითმფრინავები, რომელიც საერთაშორისო საჰაერო სივრცეში კიდევ ერთხელ მიუახლოვდებიან აშშ-ის უპილოტო თვითმფრინავებს.