ინტერვიუ ჰუბერტ ქნირშთან

რუსეთის ომი უკრაინაში, საერთაშორისო სანქციების შედეგები, საქართველოს ოფიციალური პოზიცია მიმდინარე მოვლენებზე და საქართველოს ევროინტეგრაცია, – ის მთავარი საკითხებია, რომლებზეც „მოამბესთან“ ინტერვიუში გერმანიის ელჩმა ილაპარაკა.

გერმანელი დიპლომატის აზრით, უკრაინაში ომმა გამოააშკარავა, რამდენად სუსტია რუსეთის შეიარაღებული ძალები და რამდენად ძლიერია უკრაინის წინააღმდეგობა. როგორც ელჩმა აღნიშნა, ომი ძირს უთხრის რუსეთის ეკონომიკას და პოლიტიკურ სისტემას. მისი თქმით, სანქციების მძიმე შედეგები რუსეთისთვის დროთა განმავლობში უფრო მეტად თვალსაჩინო გახდება. დიპლომატმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ნატო არის თავდაცვითი ალიანსი, ამიტომ მას არ შეუძლია საჰაერო სივრცის დაკეტვით ჩაერიოს ომში.