სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნა რუსეთში

კრასნოდარის მხარეში, ქალაქ ეისკში ავიაგამანადგურებლის ჩამოვარდნის შედეგად, ბოლო მონაცემებით, 13 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია 19 პირი. გარდაცვლილთა შორის სამი ბავშვია. ინფორმაციას რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. სამაშველო სამსახურების ცნობით, სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი ჩააქრეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, „სუ-34“ ტიპის თვითმფრინავი საწვრთნელი ფრენის განხორციელების დროს ჩამოვარდა, მფრინავებმა კატაპულტირება შეძლეს. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში განაცხადეს, რომ მთავარმა სამხედრო საგამოძიებო სამმართველომ, თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის საქმე აღძრა.