რაკეტის ჩამოვარდნა პოლონეთში - გამოძიების პირველადი შედეგები

პოლონეთში სამხედრო მზადყოფნის დონე იზრდება. მკაცრდება საჰაერო სივრცის კონტროლიც. უკრაინის საზღვართან მდებარე პოლონური სოფელი პშევოდუვი მსოფლიო ლიდერების ყურადღების ცენტრშია. წინასწარი მონაცემებით, ფერმის ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი რაკეტის ნამსხვრევები რუსული წარმოებისაა, თუმცა ოფიციალური ვარშავა ნატოს წევრ პოლონეთზე რუსეთის საჰაერო თავდასხმას არ ადასტურებს – პოლონეთის ხელისუფლების პირველადი ვერსიით, პოლონეთის სოფელში უკრაინული ძალების მიერ წარუმატებლად გასროლილი ის რაკეტა ჩამოვარდა, რომელიც სინამდვილეში რუსული რაკეტების ჩამოსაგდებად იყო გაშვებული. გუშინდელი აფეთქების შედეგად დაღუპულია ორი ადამიანი. პოლონეთზე რუსეთის თავდასხმის ვერსიას არ იზიარებს ნატო და აშშ-იც, თუმცა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მდივანი მომხდარში მხოლოდ რუსეთის პასუხისმგებლობას ხედავს და აღმოსავლეთ ფლანგზე მონიტორინგის გაძლიერების აუცილებლობაზე საუბრობს. პოლონეთის სოფელში მომხდარმა აფეთქებამ „დიდი ოცეულის“ სამიტის და საერთაშორისო ორგანიზაციების სამუშაო დღის წესრიგი რადიკალურად შეცვალა.