უთანხმოება, რომელიც გუშინდელმა გამოსვლამ საჯარო გახადა.
პრეზიდენტსა და მმართველ პარტიას შორის ურთიერთობა იძაბება. „ქართული ოცნება“ სალომე ზურაბიშვილს კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებს და მას საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივის. დაპირისპირების მიზეზი ის საერთაშორისო ვიზიტებია, რომლებიც პრეზიდენტმა უკრაინაში ომის დაწყებიდან მალევე ევროპის რამდენიმე ქალაქში გამართა. მმართველი პარტია 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მის მიერ მხარდაჭერილ სალომე ზურაბიშვილს კონსტიტუციის კარგად წაკითხვას ურჩევს და ახსენებს, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკას არა ის, არამედ პარლამენტი განსაზღვრავს და მთავრობა აღასრულებს, პრეზიდენტს კი საერთაშორისო მოლაპარაკებების საწარმოებლად მთავრობის თანხმობა სჭირდება. უკმაყოფილება მოჰყვა საპარლამენტო ტრიბუნიდან პრეზიდენტის კონკრეტულ ინიციატივებს და იმ განცხადებებსაც, რომლებიც ხელისუფლების მიმართ საყვედურებით იყო სავსე. ახლა საინტერესოა, დადგება თუ არა პოლიტიკურ დღის წესრიგში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი, რასაც მინიმუმ 100 დეპუტატის ხმა სჭირდება. „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს ვრცელი განცხადებიდან ცნობილი ხდება, რომ პრეზიდენტსა და მმართველ პარტიას შორის ეს უთანხმოების პირველი შემთხვევა არ არის.