მსოფლიო მასშტაბით მთავარი პოლიტიკური და ეკონომიკური გამოწვევები შვეიცარიის საკურორტო ქალაქში განიხილება.
დავოსი მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს მასპინძლობს. უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე დღის წესრიგი სწორედ ომთან დაკავშირებული გლობალური თემებით არის დატვირთული. მათ შორისაა საომარი მოქმედებების და რუსეთის შანტაჟის შედეგად შექმნილი მწვავე ენერგეტიკული კრიზისი. საქართველო მნიშვნელოვან გზავნილებს ელოდება, რადგან რამდენიმე პანელი იმ მასშტაბურ ენერგეტიკულ პროექტებს უნდა მიეძღვნას, რომლებიც საქართველოს გავლით ევროკავშირის ქვეყნებისთვის გაზის და ელექტროენერგიის მიწოდების ალტერნატიულ მარშრუტებს გულისხმობს. ომის გამო შეცვლილი გეოპოლიტიკური რეალობის და საქართველოს გაზრდილი სატრანზიტო პოტენციალის ფონზე განიხილება კონკრეტული საინვესტიციო პროექტებიც. პრემიერის ხელმძღვანელობით ქართული დელეგაცია დღეს რამდენიმე ცნობილი ბრენდის წარმომადგენლებს შეხვდა, რის შემდეგაც ქართული მხარე ახალ ბიზნეს-წინადადებებს და პროექტებს აანონსებს. დღის ბოლოს კი ირაკლი ღარიბაშვილი შვეიცარიის პრეზიდენტს ესაუბრა, რომელსაც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.