გაიზრდება თუ პირიქით, შემცირდება პარლამენტარების რაოდენობა, – თებერვლიდან მმართველი გუნდი რამდენიმე დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის განხილვას აპირებს. თუ ელენე ხოშტარიას შემთხვევაში მიზეზი მისივე მოთხოვნაა, ბადრი ჯაფარიძე მანდატის გარეშე შესაძლოა, მის წინააღმდეგ ცოტა ხნის გამოტანილმა გამამტყუნებელმა განაჩენმა დატოვოს. შალვა ნათელაშვილის უფლებამოსილების შეჩერების საფუძვლად კი, „ქართული ოცნება“ რეგლამენტს ასახელებს, რომელიც სასესიო სხდომების ნახევარზე მეტის გაცდენის შემთხვევაში, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას გულისხმობს. თუმცა, მანდატის შეჩერების ნაცვლად, პირიქით, პარლამენტში შესვლაზე აქტიურად ფიქრობს თავად „ლეიბორისტების“ ლიდერი, რომელსაც შარშანდელი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ბოიკოტი აქვს გამოცხადებული და რომელიც ჯერ კიდევ თვეების წინ, დანარჩენ ოპოზიციას პარლამენტში შესვლის გამო მწვავედ აკრიტიკებდა. ამ ნაბიჯის გამო, შეურაცხმყოფელ ეპითეტებს ნათელაშვილი ოპოზიციას არც ახლა აკლებს, მის მიერ პოზიციის რადიკალურად შეცვლას კი, ტრიბუნიდან ხალხისთვის საჭირო პრობლემებზე საუბრის აუცილებლობით ხსნის.