„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებზე პარლამენტში ამ წუთებში მსჯელობენ. ადამიანის უფლებათა დაცვისა და საპროცედურო საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდება. მმართველი გუნდის განმარტებით, მიზანი არის ის, რომ სასამართლო სისტემაში უფრო მეტი ღიაობა შემოვიდეს, როგორც სასამართლო გადაწყვეტილებებთან, ასევე იუსტიციის საბჭოს წევრების შერჩევასთან დაკავშირებით. სასამართლო რეფორმის პროექტი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად გაწერილი 12 პუნქტიდან, რიგით მესამე რეკომენდაციაა. ვენეციის კომისია კონკრეტული ცვლილებების გატარების ინიციატივით გამოდის. მათ შორის, რეკომენდაცია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კორპორატიზმისა და პირადი საკითხების აღმოფხვრას და საბჭოს ძირეულ რეფორმას ითვალისწინებს.