მსაჯის გარდაცვალების საქმე - ილო ტუღუშის ახლობლები თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავენ
ეროვნული ჩემპიონატების მსაჯის გარდაცვალებას, რომელის ცხედარი გუშინ მალთაყვის ტყეში იპოვეს, ოჯახი ჩაწყობილ საფეხბურთო თამაშებს უკავშირებს.
ახლობლების განცხადებით, ილო ტუღუშს სიკვდილამდე ერთ დღით ადრე, მერსედესის ტიპის ავტომანქანით სახლში მიაკითხეს და მისგან ფულის, 5000 ლარის დაბრუნებას ითხოვდნენ. ოჯახის წევრები კონკრეტულ პიროვნებებსაც ასახელებენ და ამბობენ, რომ დაძაბული შეხვედრის მიზეზი სწორედ გარიგებული საფეხბურთო თამაში იყო.
გარდაცვლილის დედა დარწმუნებულია, რომ მისი შვილი მოკლეს და მიზეზი ფული იყო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს, თუმცა ოჯახი თვითმკვლელობის ვერსიას კატეგორიულად გამორიცხავს და სამართალდამცავებისგან საქმის ობიექტურ გამოძიებას მოითხოვს.
ფეხბურთის ფედერაცია მზადყოფნას გამოთქვამს, მსაჯის გარდაცვალების საქმეზე გამოძიებასთან ითანამშრომლოს. ამასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადებაც გამოაქვეყნეს.