საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადება ილია ტუღუშის გარდაცვალების შესახებ
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადება ილია ტუღუშის გარდაცვალების შესახებ

6 დეკემბერს, ქართველი მსაჯი ილია ტუღუში ტრაგიკულად დაიღუპა. იგი მალთაყვის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლის დაიწყო.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ განცხადება გაავრცელა, რომელსაც პირველი არხი უცვლელად გთავაზობთ:

“მოგეხსენებათ, 6 დეკემბერს გავრცელდა ინფორმაცია ქართველი მსაჯის, ილია ტუღუშის ტრაგიკული გარდაცვალების შესახებ. ილია ტუღუში 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მსაჯობდა საქართველოს ჩემპიონატის ასაკობრივ პირველობებსა და სხვადასხვა ლიგებს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია  კიდევ ერთხელ, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს აღნიშნულის გამო და უსამძიმრებს დაღუპულის ოჯახის წევრებს, მეგობრებს, ახლობლებსა და სრულიად საფეხბურთო სამყაროს.

გვსურს, მკაფიოდ დავაფიქსიროთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია გამოთქვამს სრულ მზადყოფნას, საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნულ ფაქტზე ითანამშრომლოს სამართალდამცავ უწყებებთან და ამასთან, ვიმედოვნებთ, რომ ეს შემთხვევა უმოკლეს ვადაში იქნება გამოძიებული.”