პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველ მოადგილესა და სუს-ის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორს მოუსმინეს. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის/ნდობის ჯგუფის თავმჯდომარის განცხადებით, უსაფრთხოების სამსახურმა წარმოადგინა ინფორმაცია უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების მისწრაფებების, დაინტერესების სფეროების თუ ობიექტების, მოქმედების მეთოდებისა და ფორმების შესახებ და იმ ნაბიჯების შესახებ, რასაც უწყება ახორციელებს მათი საქმიანობის და გეგმების ხელშეშლის, ჩაშლის და ნეიტრალიზაციის მიზნით. შეგახსენებთ, რომ ნდობის ჯგუფი შექმნილია პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში და მისი ფუნქციაა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში შემავალი უწყებების საიდუმლო საქმიანობასა და სპეციალურ პროგრამებზე ზედამხედველობა.