მოლაპარაკებები პოლონეთსა და უკრაინას შორის

პოლონეთი და უკრაინა მოლაპარაკებებს აწარმოებენ საერთო საზღვრის დროებით დახურვასა და ორმხრივი ვაჭრობის შეწყვეტასთან დაკავშირებით. პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებით, ეს იქნება „დროებითი და უმტკივნეულო გადაწყვეტილება ორივე ქვეყნისთვის, რომ იპოვონ ხანგრძლივი გამოსავალი“. დონალდ ტუსკის თქმით, დღეს ვარშავაში სოფლის მეურნეობის საკითხზე სამიტი გაიმართება, სადაც ის პოლონელ ფერმერთა წარმომადგენლებს შეხვდება. შეგახსენებთ, რომ თებერვლის დასაწყისში, პოლონელმა ფერმერებმა უკრაინის საზღვარზე საპროტესტო აქციები განაახლეს. ისინი ქვეყანაში უკრაინული აგროპროდუქციის იმპორტის შეჩერებას ითხოვენ. 25 თებერვლის ღამეს უკრაინულ აგროპროდუქციასთან დაკავშირებით ინციდენტი მოხდა. უცნობმა პირებმა უკრაინული მარცვლეულით დატვირთული მატარებლის შემადგენლობიდან რვა ვაგონი გახსნეს და სიმინდი სარკინიგზო ხაზზე დაყარეს. 27 თებერვალს კი დედაქალაქში მასშტაბური საპროტესტო აქცია გამართეს.