დონალდ ტუსკისა და მაიკლ კარპენტერის ღია გზავნილები და „ქართული ოცნების“ პასუხი დასავლელ მაღალჩინოსნებს - ამწვავებს თუ არა ესპ-ის თავმჯდომარის მოწოდება შიდა პოლიტიკურ უთანხმოებას, ვისთვის რა ფასი აქვს საკონსტიტუციო ცვლილებებს და როგორია ელჩების პოზიცია

ევროპის „სახალხო პარტიის“ თავმჯდომარის მოწოდება შიდა პოლიტიკურ უთანხმოებას კიდევ უფრო ამწვავებს.

რვა მარტის შეთანხმებას ამჯერად დონალდ ტუსკი ეხმაურება და ხელისუფლებას გიორგი რურუას გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. სწორედ რურუას საკითხზეა დამოკიდებული ორი ოპოზიციური ფრაქციის ბოიკოტის შეწყვეტა და საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში ჩართვა, რომელიც ხვალ იწყება და რომელიც თავის დროზე მოლაპარაკებათა მაგიდასთან ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა იყო. თუმცა, მმართველი გუნდი არაერთხელ დაფიქსირებული პოზიციის გადახედვას არ აპირებს. ახალი საარჩევნო სისტემის მისაღებად „ქართულ ოცნებას“ დამოუკიდებელი დეპუტატების ხმების იმედი აქვს.

გიორგი რურუას გათავისუფლებისკენ  ხელისუფლებას მაიკლ კარპენტერმაც მოუწოდა. ყოფილი ვიცე პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მრჩეველმა განცხადებაში  რურუას ოპოზიციის ლიდერი უწოდა. საერთაშორისო მოწოდებების მიუხედავად, მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ სასამართლო გადაწყვეტილებებში ჩარევას არ აპირებენ და პირობას დებენ – როგორც წინასაარჩევნო პროცესი, ისე არჩევნები, სამართლიან და დემოკრატიულ გარემოში ჩატარდება.