რეკომენდაციები თუ დირექტივა – ვის როგორ ესმის ამერიკის საელჩოს პარლამენტისთვის გაგზავნილი წერილის შინაარსი, რომლიც სასამართლო სისტემის რეფორმას ეხება.
საელჩოს მოსაზრებები კვლავ პოლიტიკური შეფასებების თემაა. „ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატები საკუთარი მოსაზრების დასადასტურებლად კოლეგებს დღეს უკვე კონკრეტული კითხვებით მიმართავენ. სოზარ სუბარი ინტერესდება, ეთანხმებიან თუ არა აშშ-ს საელჩოს ინსტრუქციას, რომ საქართველოს პარლამენტმა უნდა შეცვალოს ხუთი კონსტიტუციური ნორმა, თანაც ის ნორმები, რომლებიც ვენეციის კომისიის მიერ უკვე არის სამართლიანად და უხარვეზოდ შეფასებული: „მიგაჩნიათ თუ არა, რომ საელჩოს ინსტრუქცია, უვადოდ დაინიშნოს უზენაესი სასამართლოს სამი მოსამართლე, არის საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა, უხეში ჩარევა ორი კონსტიტუციური ორგანოს – საქართველოს პარლამენტის და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობაში და სახელმწიფოს მიმართ უპატივცემულო და უხეში დამოკიდებულების გამოვლინებაა? – მიგაჩნიათ თუ არა, რომ სასამართლოს თავმჯდომარეების არჩევითობა ნიშნავს სასამართლო სისტემაში პოლიტიკის შეტანას, მოსამართლეებს შორის პერსონალური კონფლიქტების პროვოცირებასა და სისტემის დესტაბილიზაციას. როგორ ფიქრობთ, რატომ იძლევა საელჩო ასეთ ინსტრუქციას? – და ბოლოს, საინტერესო იქნება კოლეგების აზრი – როდესაც მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე ღიად ლაპარაკობს მის მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე და არაფორმალურ სანქციაზე, მიგაჩნიათ თუ არა, რომ საზოგადოება იმსახურებს ამ თემაზე უფრო მკაფიო და დამაჯერებელ პასუხს,“ – ამ კითხვებს სოზარ სუბარი სოციალურ ქსელში ავრცელებს.