ბათუმში ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების ფაქტზე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღძრული საქმის კვალიფიკაცია შეიცვალა და გამოძიება უკვე განზრახ მკვლელობისა და ძალადობის მუხლებით მიმდინარეობს. მოცემულ ეტაპზე დაკავებულია ერთი პირი, რომელსაც ბრალდება ძალადობის მუხლით აქვს წარდგენილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში მდებარე ერთ-ერთ კაფე-ბარში კონფლიქტის დროს ბრალდებულმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თანმხლებ ქალს. ძალადობის შემდგომ, დაზარალებული ქალი და ბრალდებული ერთად წავიდნენ ბათუმში, ერთ-ერთ სასტუმროში. 26 იანვარს კი ქალი სასტუმროს ნომრის აბაზანაში გარდაცვლილი იპოვეს. სამართალდამცავებმა ბრალდებული დააკავეს. მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით პროკურატურამ ბათუმის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.