კერძო საკუთრებაში დარეგისტრირებული 300 000 ჰექტარზე მეტი მიწის ნაკვეთი – ასეთია საქართველოში სამი წლის წინ დაწყებული მიწის რეფორმის შედეგი.
სტატისტიკა აჩვენებს, რომ რეგისტრაციის პროცედურების გამარტივების გამო მიმართვიანობის მაჩვენებელი ხუთჯერ არის გაზრდილი. რეფორმა დღეს პრემიერმა მთავრობის წევრებთან ერთად შეაჯამა. ირკვევა, რომ 2016 წლის შემდეგ რეგისტრირებული მიწების ყველაზე დიდი წილი იმერეთზე, კახეთსა და შიდა ქართლზე მოდის. თუმცა სერვისის მიღების დროს მოქალაქეები პრობლემებსაც აწყდებიან, განსაკუთრებით მაშინ, როცა მიწის დასარეგისტრირებლად წინაპრების სახელზე არსებული დოკუმენტაციის მოძიებაა საჭირო.
2016 წლის აგვისტოდან მიმდინარე რეფორმის ფარგლებში მსურველები მიწის ნაკვეთებს გამარტივებული წესით ირეგისტრირებენ და რამდენიმე სერვისს ერთი ფანჯრის პრინციპით უფასოდ იღებენ. რეფორმა ივლისამდე გაგრძელდება.