მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის დღეს მოქმედი გამარტივებული წესი მუდმივი ხდება.
იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა მთავრობამ უკვე მოიწონა. ახლა ჯერი პარლამენტზეა. ცვლილებების პროექტების მიხედვით, კიდევ უფრო მარტივდება მიწაზე საკუთრების უფლების მოპოვება და დამტკიცება. მათ შორის, მცირდება მიწის რეგისტრირებისთვის მანამდე აუცილებელი დოკუმენტების ჩამონათვალი. საჭიროების შემთხვევაში აზომვით სამუშაოებს სერთიფიცირებული პირები ჩაატარებენ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ 2021 წლის პირველ იანვრამდე მიწის ნაკვეთის დარეგისტრირება სოციალურად დაუცველი ადამიანების ქულების რაოდენობაზე არ აისახება და შესაბამისად მათ შემწეობა მაინც შეუნარჩუნდებათ.
გახანგრძლივებული პროცედურები, ვრცელი საბუთების სია, ბიუროკრატია, – ეს ის მთავარი პრობლემებია, რომლებიც მოქალაქეებს მიწების რეგისტრირების პროცესში ყველაზე ხშირად ექმნებოდათ. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში მიწის ნაკვეთების 55% ისევ დასარეგისტრირებელია. გამარტივებული წესით ხელისუფლებას მიწების რეგისტრაციის ტემპების დაჩქარება სურს.