„ნამდვილი თუ მოგონილი?!“-კომუნიკაციების კომისიამ და „მედიააკადემიამ“ მედიაწიგნიერების კონკურსის რიგით მეორე დაჯილდოების ღონისძიება გამართეს და გამარჯვებულები გამოავლინეს.
კონკურსის პირობების თანახმად, მოსწავლეებს ქართულ მედიასივრცეში გავრცელებული ყალბი ინფორმაცია უნდა აღმოეჩინათ, ასევე წარმოედგინათ მისი აღმოჩენის გზა, შესაბამისი წყარო და პარალელურად, დაედგინათ რეალური ფაქტები. კონკურსს, რომელიც მოზარდებში მედიაწიგნიერების – კრიტიკული აზროვნების, ანალიზისა და ფაქტების გადამოწმების უნარების განვითარებას ისახავს მიზნად, სამი გამარჯვებული ჰყავს.
კონკურსში მონაწილეობა მე-9, მე-10 და მე-11 კლასის 60-მა მოსწავლემ მიიღო. კონკურსი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით ჩატარდა. კომუნიკაციების კომისიამ კონკურსს სასწავლო კომპონენტი დაამატა, რომლის ფარგლებშიც, ფაქტების გადამოწმებისა და ყალბი ინფორმაციის აღმოჩენის შესახებ, ათამდე საჯარო სკოლაში ტრენინგები ჩაატარა.