მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა განიხილა და მხარი დაუჭირა. ამასთან, დაინტერესებული მხარეები სამუშაო შეხვედრის გამართვაზეც შეთანხმდნენ. მანამდე მსჯელობა გაიმართა ევროპასთან ინტეგრაციის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების ერთობლივ სხდომაზეც.
ცვლილებების მიხედვით, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონს „პასუხის უფლების“ შესახებ ჩანაწერი ემატება და „პასუხის უფლება“ ენიჭება პირს, რომელიც მიიჩნევს, რომ რომელიმე მედიის ეთერში მასთან დაკავშირებით არასწორი ფაქტები გავიდა. ამასთან, სიძულვილის ენისა და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამებისა და რეკლამის გავრცელება იკრძალება.
საპარლამენტო ოპოზიცია დაგეგმილ ცვლილებებს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ევროპის სტანდარტების საფარქვეშ კრიტიკული მედიის შევიწროება და კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისთვის ახალი სადამსჯელო ფუნქციის მინიჭება ხდება. ოპონენტების ბრალდებებს მმართველ გუნდში უარყოფენ და კანონპროექტის დაინიცირების მოტივად შესაბამის ევროდირექტივას ასახელებენ.