საკანონმდებლო ცვლილებები - პოლიტიკური შეფასებები

მაუწყებლობის შესახებ კანონში ევროკავშირის დირექტივის გათვალისწინებით ასახულ ცვლილებებში, ოპოზიცია ცენზურის რისკს ხედავს. ნაწილს შინაარსი მოსწონს, თუმცა არ მოსწონს ის, რომ ამ დრომდე თვითრეგულირებად საკითხს, კომუნიკაციების კომისია დაარეგულირებს. ტერორიზმისკენ მოწოდების, სიძულვილის ენის, უხამსობის შეზღუდვა კანონმდებლობით ამ დრომდეც იყო განსაზღვრული, თუმცა, როგორც ცვლილებების ავტორები განმარტავენ, მედიამომსახურების მიმწოდებლების შიდარგულირება ეფექტიანი არ იყო.

ცვლილებების მიხედვით, ფართოვდება კომუნიკაციის კომისიის უფლებამოსილება, სწორედ მას დაეკისრება სიძულვილის ენისა და უხამსობის შემცველ მედიაპროდუქტზე რეაგირების ვალდებულება. ამ დრომდე მსგავსი ფაქტები მედიასაშუალებების, შიდა ეთიკის სტანდარტებით რეგულირდებოდა და სადავო საკითხებს ეთიკის ქარტია განიხილავდა.

ცვლილებების კრიტიკოსებისგან განსხვავებით, მმართველ გუნდში ამბობენ, რომ საქართველოში ამ სტანდარტებით თავისუფალი, პროფესიონალური და დამოუკიდებელი მედიაგარემო უზრუნველყოფილი იქნება.