ათასწლეულის გამოწვევის ფონდის, „მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების“ 2016-2019 წლებში განხორციელებული პროექტის შედეგების პრეზენტაცია სასტუმრო „სტამბაში“ გაიმართა.
პროექტის მიზანი, მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა გრძელვადიანი პროფესიული განვითარების პროგრამის საშუალებით, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებაა.
2013 წელს, ამერიკის მთავრობის, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციისა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, პროექტის განხორციელება 2016 წლიდან დაიწყო და მისი ბიუჯეტი 14 მილიონი დოლარი იყო. პროგრამის ფარგლებში 18,000-მდე მასწავლებელი გადამზადდა და საჯარო სკოლების დირექტორებმა „ლიდერობის აკადემიის“ კურსები გაიარეს. პრეზენტაციის პარალელურად გაიმართა გამოფენაც, სადაც პროექტის ფარგლებში შექმნილი ნამუშევრები იყო წარმოდგენილი.