მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმე

ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე ბრალდებული მერიის საქალაქო სამსახურის ყოფილი უფროსის, გიგა გიგაშვილის პროცესი ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება. როგორც პროკურორმა განაცხადა, დღეს შადრევნის დამპროექტებელი კომპანია „ელემსის“ დირექტორი და სხვა თანამშრომლები დაიკითხებიან. მისივე თქმით, მოწმეები დაადასტურებენ, რომ პროექტში ცვლილებების საქმის კურსში თავად არ იყვნენ და მათი ბეჭედი, ასევე ხელმოწერები გაყალბებულია. რაც შეეხება მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილ უფროსს, პროკურორის განმარტებით, მას სამსახურებრივ გულგრილობას ედავებიან. ბრალდების პოზიციით, მას ხელშეკრულების მიხედვით ექსპერტიზის ჩატარება ევალებოდა, რის საფუძველზეც, სამუშაოები უნდა ჩაებარებინა, რაც მან არ გააკეთა. დაცვის მხარე ბრალდებას უარყოფს, როგორც გიგაშვილის ადვოკატმა განაცხადა, მოწმეების ჩვენებებით ჩანს, რომ „ელემსის“ თანამშრომლები დამატებითი ცვლილებების საქმის კურსში იყვნენ და გაყალბებას ადგილი არ ჰქონია, გიგაშვილს კი ექსპერტიზის ჩატარების ვალდებულება არ ჰქონია.

ვაკის პარკის ტრაგედიის გამოყოფილ საქმეზე, გიგაშვილის გარდა, ბრალდებულია ერთი ექსპერტი და სამი იურიდიული პირი. ამ საქმის გარდა, ცალკე წარმოებად მიმდინარეობს 9-პირიანი საქმის განხილვა, სადაც ერთ-ერთი ბრალდებული გრინსერვისის დირექტორი ლაშა ფურცხვანიძეა.