მალიში ფრანგ სამხედროებს და გაერო-ს ჯარისკაცებს თავს დაესხნენ.
დაიღუპა სულ მცირე ერთი ადამიანი. თავდამსხმელები გაერო-ს მშვიდობისმყოფელებად იყვნენ შენიღბულნი. მათ ქალაქ ტიმბუქტუში მდებარე ორ ბაზაზე მიიტანეს იერიში, ორი დანაღმული ავტომობილი ააფეთქეს და სამხედროებს ჭურვები ესროლეს.
თავდასხმის შედეგად, დაჭრილია 20-ზე მეტი ჯარისკაცი. ხუთი მათგანი კრიტიკულ მდგომარეობაშია. მალიში ევროკავშირის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობს საქართველოც. თავდაცვის სამინისტროში დაგვიდასტურეს, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების ოფიცერი, რომელიც მალიში სამშვიდობო მისიით იმყოფება, მალიში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის დროს არ დაშავებულა. უწყებაში აცხადებენ, რომ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ქართველს სამხედროს ტელეფონით დაუკავშირდნენ და ესაუბრნენ. მათივე ინფორმაციით, ადგილი, სადაც თავდასხმა მოხდა, საკმაოდ შორსაა ევროკავშირის მისიის შტაბიდან.
საქართველო ევროკავშირის მოქმედ სამშვიდობო მისიაში 2016 წლიდან მონაწილეობს.