მალიში სამშვიდობო მისიით მყოფი ქართველი სამხედრო შეიარაღებული თავდასხმისას არ დაშავებულა 
მალიში სამშვიდობო მისიით მყოფი ქართველი სამხედრო შეიარაღებული თავდასხმისას არ დაშავებულა 

საქართველოს შეიარაღებული ძალების ოფიციერი, რომელიც მალიში სამშვიდობო მისიით იმყოფება, მალიში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის დროს არ დაშავებულა – ინფორმაცია ამის შესახებ პირველ არხს თავდაცვის სამინისტრომ დაუდასტურა.

უწყებაში აცხადებენ, რომ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ტელეფონით დაუკავშირდნენ და ესაუბრნენ ქართველს სამხედროს.

საქართველოს შეიარაღებულ ძალებს მალიში ევროკავშირის სამშვიდობო მისიაში ერთი ოფიცერი მოქმედი ჰყავს. ადგილი სადაც გაეროს სამშვიდობოებზე თავდასხმა მოხდა, საკმაოდ შორსაა ევროკავშირის მისიის შტაბიდან.

გაეროს უშიშოროების საბჭოს 2013 წლის N#2085 რეზოლუციის შესაბამისად, ევროკავშირმა მალის შეიარაღებული ძალების საწვრთნელი მისია – EUTM MALI დაიწყო. მისიის მანდატი, თავდაპირველად ორი წლის ვადით განისაზღვრა, თუმცა შემდგომ, ევროკავშირის საბჭომ მანდატის გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო. ევროკავშირის საწვრთნელი მისიის მესამე მანდატი 2018 წლის 18 მაისამდე განისაზღვრა. მისიის მიზანია მალის შეიარაღებული ძალების წვრთნა, რათა მათ შეძლონ მალის ტერიტორიული მთლიანობის დაცვის, მოსახლეობის დაცვისა და ტერორისტული საფრთხეების ნეიტრალიზების მიზნით სამხედრო ოპერაციების განხორციელება.

საქართველოს შეიარაღებული ძალები მალიში მიმდინარე მისიაში 2016 წლის იანვრიდან მეკავშირე ოფიცრის პოზიციაზეა წარმოდგენილი, რომლის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: ადგილზე მიმდინარე მისიებთან, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, ინფორმაციის გაცვლა და კოორდინაცია; სამხედრო სამოქალაქო თანამშრომლობის საკითხების განხორციელება (CIMIC). 2017 წლის 25 ნოემბერს, EUTM Mali-ში მე-5 როტაცია განხორციელდა. მეკავშირე ოფიცერი მალიში მიმდინარე მისიაში მის დასრულებამდე იქნება ჩართული.

შეგახსენებთ, მალიში ფრანგ და გაერო-ს ჯარისკაცებს თავს დაესხნენ. დაიღუპა სულ მცირე, ერთი ადამიანი. BBC-ის ცნობით, თავდამსხმელები გაერო-ს მშვიდობისმყოფელებად იყვნენ შენიღბულნი.